უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ბევრი საკითხი რჩება, რომელთა მოგვარება მხოლოდ ზელენსკის და პუტინის შეხვედრის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი
სტამბოლში მოლაპარაკებების წინასწარი წარმატება კვლავ უნდა განმტკიცდეს – რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი საკითხი რჩება, რომელთა მოგვარება მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
„დღევანდელი მოლაპარაკებების წინასწარი წარმატება კვლავ უნდა განმტკიცდეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამ ეტაპზე არ უნდა მოვდუნდეთ. და არსებობს მრავალი საკითხი, რომლის მოგვარებაც მხოლოდ ლიდერების შეხვედრის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კისლიცამ.
დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მაღალი დონის შეხვედრა რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს.
„საკითხების სირთულისა და რუსეთის ფედერაციის ბუნების გათვალისწინებით – სადაც პრაქტიკულად ყველა საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თავად პრეზიდენტ პუტინს შეუძლია – ჩვენ მოუთმენლად ველით სამიტის რაც შეიძლება მალე ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.