დაამთავრა თბილისის დ. არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სტაჟირება გაიარა იტალიის პეზაროში, მარიო მელანის ხელმძღვანელობით.
არის: საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებელთა მე–2 კონკურსის ფინალისტი; „ვერდის ხმების“ ფინალისტი (იტალია); ა. ბურცის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული – პირველი ადგილი (იტალია).
2001 წლიდან არის თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი; 2008-2010 – კობლენცის საოპერო თეატრის სოლისტი.
შეასრულა ფალიაშვილის, ვერდის, პუჩინის, ვაგნერის, ოპერების მთავარი პარტიები. პარტნიორობას უწევდა ქართველ და უცხოელ გამოჩენილ მომღერლებს. დღესაც აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას. – საოპერო მომღერლის, ირმა ბერძენიშვილის პერსონა.
– სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. დედამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა. ფორტეპიანოს ნანა ჩხიკვაძე მასწავლიდა, რომელმაც დედას ურჩია, რომ ამ გზას გავყოლოდი.
ჩავაბარე თბილისის დ. არაყიშვილის პირველ სასწავლებელში, აქაც გამიმართლა – შემხვდა უსაყვარლესი პედაგოგი სვეტა სანაძე, რომელმაც ძალიან შემაყვარა ჩემი პროფესია.
– თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გატარებული წლები…
– კონსერვატორიაში ჩემი პედაგოგი იყო ქართული საოპერო ლეგენდა ნადეჟდა ხარაძე. დაუვიწყარი იყო მასთან გატარებული წლები. კონსერვატორია წარჩინებით დავამთავრე, გოჩა ბეჟუაშვილი დამეხმარა. კონსერვატორიის წლები ურთულესი იყო. თბილისში ძმათა ომი, გაფიცვები და სიდუხჭირე მეფობდა.
– ასრულებთ მთავარ პარტიებს, პარტნიორობას უწევთ ქართველ და უცხოელ გამოჩენილ მომღერლებს... ამ ყველაფრის მიღმა დიდი შრომა და სირთულეები იმალება…
– ოპერაში ჯანსუღ კახიძემ მიმიღო. სამწუხაროდ, იმავე წელს გარდაიცვალა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ სპექტაკლში, ვერდის „ბალ-მასკარადში“ ვმონაწილეობდი ნუგზარ გამგებელთან ერთად და ჩემი კარიერაც ამით დაიწყო.
ჩვენი პროფესია ურთულესი და კომპლექსურია. ბევრი რამის სწავლას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე უარის თქმა მიწევდა. მაგალითისთვის ისიც კმარა, გამზრდელი ბებიის დაკრძალვას სპექტაკლი დაემთხვა და 38 გრადუსი სიცხით შევასრულე. ეს უმწარესი განცდაა.
– საყვარელი პარტია…
– ყველა როლი ბავშვივით მიყვარს, რადგან ჩვენი შრომის ნაყოფია.
– პარტიები ქართული რეპერტუარიდან…
– შევასრულე ეთერის პარტია (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მაროს პარტია ვ. დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“.
– გაიმარჯვეთ საერთაშორისო კონკურსებში… ლეილა გენჯერის შეფასება მნიშვნელოვანია…
– მსოფლიო ლეგენდის შეფასება საამაყოა ნამდვილად. ყველა კონკურსს დიდი სიხარული ახლდა. თავისი მნიშვნელობით „ვერდის ხმებს“ გამოვყოფდი.
– როგორც მომღერალს, ხელოვანს რა პრობლემები გაქვთ?
– ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად დაფასდნენ მუსიკოსებს.
– ვის ემადლიერებით?
– ყველას ვემადლიერები, ვინც კი შემხვედრია. იყო თანადგომაც, ხელის კვრაც, ღალატის უარყოფაც, მაგრამ ეს ჩვენ გვაძლიერებს და გვაწრთობს.
– უახლოესი გეგმები…
– გეგმებზე საუბარი არ ღირს, რადგან – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. დაველოდები და ვნახავ, ხვალინდელი დღე რა მოიტანს. ყველაფრისთვის ვმადლობ უფალს.
– რა არის წარმატების საიდუმლო?
– წარმატების საიდუმლო არის პატიოსნება და დიდი შრომა. რამდენად გამომივიდა და გამომდის, ხალხმა შეაფასოს.
თამარ შაიშმელაშვილი