ესტონეთი 2026 წელს სამხედრო ხარჯებს გაზრდის
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ხარჯები 2026 წელს მშპ-ს 5.4%-ს მიაღწევს.
„ისტორიული გადაწყვეტილება: ესტონეთის თავდაცვის ხარჯები 2026 წელს უკვე 5.4%-მდე გაიზრდება!“ – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის თავდაცვის ხარჯები ესტონეთის მშპ-ს 3.3%-ს შეადგენს.
2023 წელს ვილნიუსის სამიტზე ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მშპ-ს მინიმუმ 2% თავდაცვაზე დახარჯონ. ამჟამად, ალიანსის მონაცემებით, ნატოს 32 წევრი სახელმწიფოდან 23 თავისი მშპ-ს 2%-ს ხარჯავს. დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ევროპა ნატოს თავდაცვით შესაძლებლობებში მისი დაბალი წვლილის გამო გააკრიტიკა, აპირებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვოს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 3%-მდე გაზარდონ.