რამაზ საყვარელიძე: ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას – ბოიკოტით ხელისუფლება არავის შეუცვლია, ვვარაუდობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც იციან, უშედეგოდ რომ მოქმედებენ
ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი ვარაუდით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან, თავადაც ხვდებიან, უშედეგოდ რომ მოქმედებენ, თუმცა, მეორე მხრივ, მათ დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისა და მეტი სკანდალისთვის ყველა პარტიის ბოიკოტი სჭირდებათ.
„ახლა იძახიან ბოიკოტს ვუცხადებთ, ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთო. ეს სიახლეა, ბოიკოტით ხელისუფლება არავის შეუცვლია. ვვარაუდობ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც იციან, რომ უშედეგოდ მოქმედებენ.
მეორე მხრივ, დასავლელ მათ პარტნიორებს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა პარტიის ბოიკოტი სჭირდებათ მეტი სკანდალისთვის და „ოცნების“ დისკრედიტაციისთვის… მეტი არაფერი. გასაგები რომ იყოს – მეტი სკანდალურობისთვის სჭირდებოდათ საქართველოს ჩაბმა ომში მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიმარჯვებდა. მაშინ დასავლეთს არ აინტერესებდა რა მოუვიდოდა საქართველოს.“ – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
მისივე თქმით, დროა, ოპოზიციამაც ისწავლოს საკუთარი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა, რაც დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს, საყვარელიძის განცხადებით, არ აწყობს.
„ახლა ულტრალიბერალებს სურთ, რომ სკანდალური სურათი შექმნას ოპოზიციამ, მაგრამ მერე რომ ქუჩაში დარჩება არჩევნებში მოგებული ოპოზიცია, ეს არ აინტერესებთ. ალბათ, დროა, რომ ოპოზიციამაც ისწავლოს თავისი ინტერესების დაცვა და სუვერენული პოლიტიკის გატარება.
ეს თუ მოგვარდა, ყველაფერი მოგვარდება. თუ არადა, ივანიშვილს მოუწევს სუვერენიტეტის პატივისმცემელი ოპოზიციური პარტიის შექმნა და აწყობს ეს დღევანდელ ოპოზიციონერებს? ალბათ, არ აწყობთ და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები ყველა თავთავისთვის დაიწყებენ ახალი პროდუქტიული სტრატეგიების ფორმირებას”, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.