თბილისში სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს
“თბილისში სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გული აუმუშავეს”, – ამის შესახებ ინფორმაცია Facebook- გვერდზე – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ვრცელდება.
“თბილისის მე-12 რაიონული სამსახურის 1222 ბრიგადამ გამოძახება მიიღო.
ლოზუნგი – უგონო.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე დატვირთული ანამნეზის მქონე მოზარდი უგონო მდგომარეობაში დახვდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრი შეძლებისდაგვარად ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ უშედეგოდ.
პაციენტს არ ჰქონდა სუნთქვა და გულისცემა.
ექიმმა შორენა ბერიამ მყისიერად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, ოროტრაქეალური ინტუბაცია, ამბუს პარკით ვენტილაცია და ჟანგბადის მიწოდება, ადრენალინის შესაბამისი დოზებით შეყვანა.
პაციენტის რთული ანამნეზიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო მისი ზურგზე სწორად დაწვენა და CPR აპარატის გამოყენება. შეუჩერებლად გრძელდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურ რეჟიმში, რეანიმაციული ღონისძიებების ხანგრძლივად სრულყოფილად ჩასატარებლად, გამოძახებული იქნა მეორე ბრიგადა.
ადგილზე მყოფი ორი ბრიგადის პერსონალი მონაცვლეობით ახორციელებდა საჭირო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. რეანიმაციული ღონისძიებების მე-40 წუთს აღდგა სინუსური რიტმი. ისინჯებოდა პულსაცია.
1222 და 1722 ბრიგადების დამსახურებით პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა შეყვანილი, სადაც მკურნალობას განაგრძობს.
გვეამაყება: ექიმი შორენა ბერია, უმცროსი ექიმი თამრო ლაშხია, მძღოლი ილია ბაჩიაშვილი
გვეამაყება – ექიმი ვიქტორ ჭანკოტაძე, უმცროსი ექიმი მამუკა ბაჟუნაიშვილი, მძღოლი ანდრო ჯაგოდნიშვილი”, – წერია პოსტში.