დავით მათიკაშვილი: ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ მემორიალთან და ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული
“ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული – ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა გუშინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას.
„ადრე თუკი, 1989 წელს როდიონოვი და მისი საბჭოთა სპეცრაზმელები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილს და იქ 21 ქართველი დაიღუპა, ჩვენ ვნახეთ სცენები როდესაც ამ უცხოური ძალის, ქვეყნის გარედან მართული და დაფინანსებული ერთი მუჭა ადამიანების ხელით, ითესებოდა სიძულვილი, შუღლი, ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდით. ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და შესრულებული. დროა, რომ პასუხი გასცენ იმ დონორებმა, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებდა ეს ხალხი გუშინ, ვისი თანხებითაც უზრუნველყოფდნენ იმ დესტრუქციის განხორციელებას, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ ვიხილეთ. ეს არის შვედეთის საელჩო – დროა, ამ ყველაფერს გაეცეს პასუხი, ან გაემიჯნოს ამ პროცესებს. ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას. ეს არის ამ შემთხვევაშიც. ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა,” – განაცხადა მათიკაშვილმა.