თამარ სანიკიძე: 1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება
1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ და რამდენი ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი.
საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ აღნიშნა, რომ რანჟირების სისტემა საბოლოო სახეს მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს მიიღებს.
“ხელფასები იქნება რანჟირებული. გარკვეული მატება იქნება საბაზო ხელფასშიც, მაგრამ, ძირითადად, მატება განისაზღვრება რანჟირებულად კატეგორიების მიხედვით. ნოემბრის თვეში ზუსტად გვეცოდინება იმ დამატებითი რესურსის შესახებ, რომელიც მიემართება მასწავლებლის ხელფასში. როგორც კი დასრულდება კანონპროექტზე მსჯელობა და კანონში განისაზღვრება ცვლილებები, ჩვენ შევძლებთ ერთდროულად დავიწყოთ 2015 წელს სქემის ამოქმედება და განვახორციელოთ ის სახელფასო ცვლილებები, რომელსაც სქემის ფარგლებში ვგეგმავთ. ეს იქნება ნაწილობრივ საბაზო ხელფასის ზრდა, თუმცა ხელფასები ასევე გვინდა იყოს რანჟირებული, რათა გაიზარდოს მოტივაცია”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.