ვენაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაესწრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრას, თემაზე: „საჯარო ფინანსების მართვის სამომავლო პერსპექტივები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე – ინოვაციური გადაწყვეტა“.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მსოფლიო ბანკის, PEMPAL-ის ახალი პროგრამის არსებული და პოტენციური დონორების, მასპინძელი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, მოწვეული ექსპერტების და მსოფლიოს 30 ქვეყნის, მათ შორის, PEMPAL-ის 21 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა მიმდინარე წლის 25 მარტს ავსტრიაში, ქ. ვენაში.
პანელურ განხილვაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა მინისტრები, ასევე ყირგიზეთის, რუმინეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ტაჯიკეთისა და სერბეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.
პანელის ძირითადი განსახილველი საკითხები ეხებოდა საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს PEMPAL-ის ქსელის ფარგლებში.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რომელიც დასტურდება არაერთი საერთაშორისო შეფასებითა და რეიტინგებით. ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, ასევე PEMPAL-ის ქსელის მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების საპასუხო მექანიზმების დანერგვაში.
PEMPAL-ის ქსელი თანამშრომლობს 3 თემატური მიმართულებით: ბიუჯეტირება, ხაზინა და შიდა აუდიტი და შიდა კონტროლი. აღნიშნული მიმართულებებით შექმნილი საორგანიზაციო და თემატური კომიტეტების ფარგლებში წარმოდგენილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, შიდა კონტროლის დეპარტამენტის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.