საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“ დაემატა
ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ შპს იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა.
ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.
ობჩა მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს ქარვისფერი ან წითელი. მიკროზონა მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ქალაქ ბაღდათსა და სოფლებს: პირველი ობჩა, მეორე ობჩა, დიმი, როკითი, ფერსათს, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 120-420 მეტრის ფარგლებშია.
ღვინო ქარვისფერი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია ციცქას და/ან კრახუნას ჯიშის ყურძნის გამოყენებაც 15%-ის ფარგლებში.
ღვინო წითელი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ობჩის ნიადაგის მორფოლოგია და მიკროზონის კლიმატი, აისახება ღვინო ობჩას მაღალ ხარისხისზე.
ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი და ობჩა.