“ეუთო/ოდირის პრაქტიკულად იგივე დასკვნა, რომელიც იყო წინასწარი, მათ მოიხსენიეს ძალიან ცუდად, ებრძოდნენ მას და ახლა თითქოს გაუხარდათ, არადა ანალოგიურია, ოდნავ ვრცელი სახით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტში არის კრიტიკული შენიშვნები და ამას არავინ არ უარყოფს.
„შეიძლება ითქვას, რომ ის სპეკულაციები, რაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან იყო გახმოვანებული, არცერთი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდირის დასკვნაში. დოკუმენტში არის კრიტიკული შენიშვნები, ამას არავინ არ უარყოფს. რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო-ს დასკვნის რამდენიმე პუნქტი, რომელიც საბოლოო აღმოჩნდა, რომ შეეხებოდა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს. გაცილებით მძიმე დასკვნები გვინახავს და ამ შემთხვევაში საერთოდ არ შეხებიან ისეთ საკითხებს, რომელზეც ჩვენი ოპოზიცია სპეკულირებდა. 300 ათასი კი არა 300 გაყალბებული ხმის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ იგივეა, რაც წინასწარი დასკვნა, ოდნავ ვრცელი სახით. პირველ შემთხვევაში თქვეს, რომ არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, თითქოს არის კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა წარმოაჩენს, რომ ისინი იმას კი არ დაეძებენ, რა წერია დოკუმენტში, არამედ, როგორ გააპიარებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.