თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაიანი პატიმრობაში დატოვა.
როგორც ბრალდებულმა, ბექა ჯაიანმა სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ, მხოლოდ მკვლელობის ნაწილში ცნობს, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით სისტემატურად სცემდა, თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი”, – განაცხადა ბექა ჯაიანმა.
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.