ახალციხეში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ახალციხის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიების ფარგლებში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა, სადაც ახალციხელებს წინასაახალწლო განწყობა ქართული ესტრადის მომღერლებმა – ნუცა ბუზალაძემ, მირზა მოდებაძემ და სოფო პაპუაშვილმა შეუქმნა.
ღონისძიებას ეკო ფანგანი უძღვებოდა. მოეწყო საშობაო ბაზრობა, საახალწლო ნაკეთობებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. დამდეგი ახალი წელი მოსახლეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ მიულოცეს.
ახალციხელებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვეს. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წლის პედაგოგი“ წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ საჯარო სკოლის პედაგოგებს: მანანა ჩინჩალაძე – სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლა; მარინ ყურმაშვილი – ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა; დიანა ლურსმანაშვილი – ქალაქ ახალციხის №4 საჯარო სკოლა; ასევე დაჯილდოვდნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგები: თამარ გოქაძე – ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღი; ინგა ლობჯანიძე – ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღი; სიუზანა ხაცკიანი – ქალაქ ახალციხის №4 საბავშვო ბაგა-ბაღი. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.