კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-რუსეთის შეთანხმების გეგმა ჯერ არ არსებობს
კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის პოტენციური შეთანხმების შესახებ უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიო მონახაზი ჯერ არ არის,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კონტაქტები აშშ-სთან პოზიტიური და სასარგებლო იყო, მაგრამ მოსკოვი შესაძლო ვადებს სამშვიდობო მოგვარებისთვის არ დაადგენს.
“ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე შეთანხმების მკაფიო მონახაზი, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გადავიდეთ შეთანხმებისკენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ კონსტრუქციულ და მნიშვნელოვან კონტაქტებს, რომელიც გვქონდა აშშ-სთან”,- განაცხადა პესკოვმა.
უკრაინა და მისი ზოგიერთი ევროპელი მოკავშირე აცხადებენ, რომ რუსეთი არასერიოზულად არის განწყობილი კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით და მას აშშ-სთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
რუსეთი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი კომპლექსურია და ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გრძელვადიანი გადაწყვეტის პოვნას დრო დასჭირდება.