ცუტომუ იამაგუჩი — კაცი, რომელიც 2 ატომურ აფეთქებას გადაურჩა
ცუტომუ იამაგუჩი ერთადერთი ადამიანია, რომელიც იაპონიის ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა, როგორც „ორმაგი ჰიბაკუშა“ – ადამიანი, რომელმაც ორი ატომური აფეთქება გადაიტანა.
1945 წლის 6 აგვისტოს, 29 წლის იამაგუჩი სამსახურის საქმეზე ჰიროსიმაში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქის თავზე ამერიკულმა ბომბდამშენმა „Enola Gay“-მ ატომური ბომბი ჩამოაგდო. აფეთქების მომენტში ის ქალაქის ცენტრიდან სამი კილომეტრის მოშორებით იყო. აფეთქების ტალღამ ის ჰაერში მოისროლა, სერიოზული დამწვრობები მიაყენა სახეზე და ხელებზე, დროებით დაკარგა სმენა და მხედველობა…
მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, მეორე დღეს მან მოახერხა ქალაქის დატოვება და მშობლიურ ნაგასაკიში დაბრუნდა. 9 აგვისტოს სამსახურში გამოცხადდა და უფროსს უყვებოდა ჰიროსიმაში გადატანილი კოშმარის შესახებ, როდესაც ქალაქის თავზე მეორე ამერიკული ბომბდამშენი გამოჩნდა. რამდენიმე წუთში ნაგასაკის თავზე ატომური ბომბი აფეთქდა, ხოლო იამაგუჩი ეპიცენტრიდან კვლავ სამი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული ჰიროსიმაში მიღებული დამწვრობები, კიდევ ერთი აფეთქების ენერგიამ კი, სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
იამაგუჩი ორივე ბომბის აფეთქებას გადაურჩა და ცხოვრება განაგრძო. მოგვიანებით, კარიერა Mitsubishi-ში გააგრძელა და სამი შვილი გაზარდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აქტიურად მონაწილეობდა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში და მსოფლიოს მოუწოდებდა, აღარასდროს გამოეყენებინათ ასეთი დამანგრეველი ძალა.
იაპონიის მთავრობამ, მისი სტატუსი ოფიციალურად 2009 წელს აღიარა. 2010 წელს, 93 წლის ასაკში, ცუტომუ იამაგუჩი სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხოვრება დღემდე გადარჩენის ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ ისტორიად რჩება.