ადვოკატებისთვის მანტიების ტარება სავალდებულო გახდება

ქართველი ადვოკატებისთვის მანტიების ტარება სავალდებულო გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატთა საერთო კრებამ დღეს მიიღო. კრების გადაწყვეტილებით, მანტიის ფორმასა და დიზაინზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
როგორც “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოხდება მანტიის ფორმაზე შეთანხმება, მისი ტარება ადვოკატებისთვის აუცილებელი გახდება.
“კვირასთან“ საუბრისას ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ადვოკატის ჩაცმულობა მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

მისი თქმით, სასამართლო პროცესებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მონახულებისას მდედრობითი სქესის ზოგიერთი ადვოკატი ვულგალურად შემოსილი ცხადდება, რაც ჭკადუას თქმითვე, ეთიკის ნორმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს.
ირმა ჭკადუა ფიქრობს, რომ ადვოკატებისთვის მანტიის ტარების ვალდებულება მსგავს უსიამოვნებებს გამორიცხავს.
“ძალიან ბევრი ადვოკატი პროცესებზე და სასჯელაღსრულების დაწესებულებეში მათი პროფესიისათვის შეუსაბამოდ შემოსილი ცხადდება, ამიტომ მანტიის ტარების ვალდებულებას მივესალმები. ყოფილა შემთხვევები, რომ ქალი ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების მოსანახულებლად საკმაოდ თამამად ჩაცმულებიც მისულან, რაც, რა თქმა უნდა, არაეთიკურია. გერმანიაში და ევროპის კიდევ ბევრ ქვეყანაში ადვოკატებისთვის სავალდებულოა მანტიების ტარება. კარგია თუ მალე ასეთი მიდგომა ქართველ ადვოკატებზეც გავრცელდება“, – განუცხადა “კვირას“ ირმა ჭკადუამ. რაც შეეხება იმას, თუ როგორი დიზაინის მანტიას ისურვებდა თავად ჭკადუა, ადვოკატი აცხადებს, რომ მანტია სადა და აკადემიური უნდა იყოს. ადვოკატებისთვის მანტიების ტარება, სავარაუდოდ, 2016 წლიდან გახდება სავალდებულო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები