ირაკლი კირცხალია: რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა – არ მონაწილეობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე

„რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობა – არ მონაწილეობას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაქვს უსამშობლო აგენტების გაერთიანებასთან საქმე,” – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რა დავალებასაც მიიღებენ დამკვეთებისგან, მას შეასრულებენ.

„როგორც თავიანთმა პატრონებმა, ისე თვითონაც ძალიან კარგად იციან დღევანდელი და ზოგადად მსოფლიო მოვლენებიდან გამომდინარე, თუ რა დონეზეა მათი რეიტინგი მოსახლეობაში, დღეს მიიღეს ეს დავალება რომ უნდა იყოს რიტორიკა, რომ ესენი არ იღებენ მონაწილეობას. ხვალ შეიძლება მიიღონ აბსოლუტურად სხვა დირექტივა და რადიკალურად სხვა განცხადება გააკეთონ. როდესაც შუბლის ძარღვი არ არსებობს და როდესაც აგენტი ხარ, არაერთხელ გვითქვამს, რომ აგენტის ბედი რთულია. იმიტომ, რომ ვერ იღებ ვერანაირად შენ თვითონ გადაწყვეტილებას.

მე ვთვლი, რომ რაც უფრო ნაკლებად იქნებიან პოლიტიკურ ველზე წარმოდგენილი აგენტები, მით უფრო მეტი გზა ეხსნება იმ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, რომელიც დაჩრდილული იყვნენ იმ უდიდესი დაფინანსებით, რომელიც მოდიოდა ე.წ. „დიფ სთეითის“მხრიდან და რომელიც გაიშიფრა საყოველთაოდ. გაუჩნდებათ შანსი, რომ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობა და საპარლამენტო არჩევნებშიც 2028 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ დირექტივას თავიანთი პატრონებისგან რომ დამწკრივდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი დემოკრატია და ნებისმიერი  დემოკრატიის საფუძვლებია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საპარლამენტო რესპუბლიკაში გყავდეს კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოფიქრალი, ეროვნულად მოფიქრალი ოპოზიცია. ყველა გუნდს სჭირდება ოპონირება, ოღონდ სჭირდება ჯანსაღი ოპონირება და არა აგენტურის ოპონირება. ჩემი აზრით, რაც უფრო ნაკლები იქნება აგენტი პოლიტიკურ ველზე, მით უფრო ჯანსაღად განვითარდება ქვეყანა იმიტომ, რომ გამოჩნდებიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები, რომლებიც გაწევენ ჯანსაღ ოპონირებას, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები