,,ის, რომ ამერიკა აჩერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, პროგნოზირებადი იყო, თუმცა ჩემი პოზიციით, ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან უკრაინელი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკოსების გაუგებრობების გამო, ფაქტობრივად, ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოულოდნელი იყო თვითონ ის, რაც მოხდა ოვალურ კაბინეტში, დანარჩენი, ტრამპის
ქმედებები პროგნოზირებადი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა თავის გეგმებს ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„შემდგომში, მისი არჩევის შემდეგ, უკვე ინაუგურაციიდან ფაქტობრივად, პირველი წუთებიდან, იყო უკრაინაზე საუბარი და ჩვენთვის ცნობილი იყო როგორც ტრამპის, ასევე განსაკუთრებით კიტ კელოგის ე.წ. ფორმულა, რას მოიცავდა ის, თუ მხარეები დასხდებოდნენ ან არ დასხდებოდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან. კელოგის გეგმა ითვალისწინებდა როგორც სასჯელებს იმ მხარისთვის, რომელიც არ წავიდოდა ტრამპის გეგმის მხრივ, ან პირიქით, დივიდენდებს თუ მოლაპარაკებები წარიმართებოდა ტრამპის გეგმის შესაბამისად. მთავარი იყო მხარეების მიერ პოზიციების დაფიქსირება, თუ რამდენად იყვნენ ისინი, ვგულისხმობ რუსეთს და ამერიკას, მშვიდობისათვის მზად.
რაც მოხდა უკვე ამ ოვალური კაბინეტის ინციდენტის შემდეგ და დღეს უკვე საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ ამერიკა აჩერებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, კიდევ ვიმეორებ, რომ ეს პროგნოზირებადი იყო. ერთი ადამიანის პოზიციას გეტყვით, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო იმიტომ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, ოფიცრები გმირულად იბრძვიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკოსების რაღაც გაუგებრობების გამო, ფაქტობრივად, ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – აღნიშნა სალუქვაძემ.