ლევან მახაშვილი – ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაბიჯები უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
„ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაბიჯები უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, ერთი და იგივე შეცდომების გამეორებას ჯიუტად აგრძელებენ, როცა დასანქცირებული ადამიანების სიას უყურებ, ნათელი ხდება, სანქციების და ამ სახელმწიფოების რეალური მიზანი რა არის,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, მიზანია, არა ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება, არამედ იმ მცდელობების გაძლიერება, რომ საქართველო ომის ფერხულში ჩაერთოს.
„შეიძლება, ბევრისთვის მსოფლიო შეტრიალდა, მაგრამ პროცესები ჯერ დასრულებული არ არის. რასაც ვხედავ, როგორც ჩანს, ამერიკამ თავისი პოზიცია შეიცვალა, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ევროპის ნაწილზე ჯერ არაფერი დაწყებულა. ამიტომ, ამერიკა რაც უფრო შეეცდება პროცესების გაწელვას, რასაც უკრაინაში ვხედავთ, მით უფრო აგრესიული და აქტიური იქნება ევროპის ფლანგი ამ მიმართულებით. ამიტომ, პროცესები არათუ დასრულდა, არამედ ამ ხაზს ენერგია მიეცა. ჯერ კიდევ სახიფათო პროცესებია, სამშვიდობოს არ გავსულვართ და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მხრიდან ამიტომ არის გააფთრებული მცდელობა, რომ იქნებ, საქართველომ მაინც გადადგას ის ნაბიჯები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გადადგა. იმის ნაცვლად, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ, საქართველოსთან ურთიერთობა უფრო დაძაბეს, რაც შეცდომა იყო. რაც არ უნდა სცადონ, იგივე შეცდომის გამეორებით შედეგებს ვერ მიაღწევენ. სამი წლის განმავლობაში ყველაფერი ხელის გულზე დევს. მათი მცდელობები შედეგებს ვერ გამოიწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გაჩერდებიან. ერთიორად მათი ძალისხმევა გაორმაგდება, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს აანალიზებს და ამ მცდელობებს შედეგი ვერ ექნება“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.