ნინო წილოსანი: რიგი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა აღარ იქნება სავალდებულო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ექნებათ გარკვეული საკითხების განხილვებში ჩართვის შესაძლებლობა
„მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში უკვე საბოლოოდ დადასტურებული და გადაწყვეტილი დამოკიდებულება არსებობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი არის – ქალი და კაცი. ჩვენც გვინდა, რომ მანიპულაციების რაიმე სივრცე დავკეტოთ,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ყველგან, ყველა კანონში, სადაც გენდერული თანასწორობა არის აღნიშნული, იქნება ქალსა და კაცს შორის თანასწორობა, ან სქესთა შორის თანასწორობით აღნიშვნა/ჩასწორება“, – აღნიშნა წილოსანმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა აუცილებელი აღარ იქნება.
„ამავდროულად, არასამთავრობო სექტორის სავალდებულო მონაწილეობა რიგი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისას უკვე აღარ იქნება სავალდებულო, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სექტორს არ ექნება დისკუსიებში და გარკვეული საკითხების განხილვებში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ყველაფერს არ ექნება სავალდებულო და აუცილებელი ხასიათი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინი გენდერის ამოღებას მხარი დაუჭირა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერული საბჭოების გაუქმებასაც. სესიაზე პირველი მოსმენით კანონპროექტი დღეს განიხილება. საქართველოში მოქმედი ყველა კანონიდან ტერმინი “გენდერი“ და “გენდერული იდენტობა“ უქმდება. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონს კი სახელწოდება შეეცვლება და მას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ კანონი დაერქმევა.
ასევე, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, 14 სხვადასხვა კანონში ცვლილებები შედის, რის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობა აუცილებელი აღარ იქნება. ისინი პროცესში მონაწილეობას სურვილის შესაბამისად მიიღებენ.