არჩილ გორდულაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე: ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი მექანიზმი, სადაც ისევ და ისევ ადამიანის უფლებები გამოხატვის თავისუფლებასთან ბალანსში იქნება უზრუნველყოფილი
,,ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი მექანიზმი, სადაც ისევ და ისევ ადამიანის უფლებები გამოხატვის თავისუფლებასთან ბალანსში იქნება უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული.
,,ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი მექანიზმი, სადაც ისევ და ისევ ადამიანის უფლებები გამოხატვის თავისუფლებასთან ბალანსში იქნება უზრუნველყოფილი. ცვლილებებს რაც შეეხება, შინაარსობრივად რომ გავყვეთ, როგორც გითხარით, თვითრეგულირების ნაწილი ყალიბდება ისე, რომ რაც თვითრეგულირებაში იყო, გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხებად. ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული.
საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ინსცენირებას აქვს ადგილი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორი იყო, მაგალითად „მოდელირებული ქრონიკა“. ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებული იქნება რომ უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. პირადი დამოკიდებულების, ან მოსაზრების გაჟღერება ახალ ამბებში იქნება დაუშვებელი.
ადამიანების პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს სათანადო წესით დაცული. საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო ან აუდიო ჩაწერა აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში.
გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, დაუშვებელი ხდება სანამ ფაქტი ოჯახის წევრებისთვის არ გახდება ცნობილი. ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება როგორც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ასევე, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა. აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე ასაკობრივ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხების დარღვევით გაჟღერება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.