ირაკლი ქადაგიშვილი – ქვეყანაში უმუშევრობა მინიმუმამდე არის დაყვანილი და ეს მათთვის ყოვლად მიუღებელია, მათი მიზანია საქართველოში ეკონომიკის ჩამოქცევა
„ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობა მინიმუმამდე არის დაყვანილი და რა თქმა უნდა, ეს მათთვის ყოვლად მიუღებელია, მათი მიზანია საქართველოში ეკონომიკის ჩამოქცევა,“ – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ლორა თორნტონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის წერილს, რომელშიც ნათქვამია: „ნაგვის არგატანა, ბანკის მოლარეების გაფიცვა, სატვირთოების მძღოლების სახლში დარჩენა ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“.
„მათი მხრიდან ყოფით დონეზე მომხდარი უბედური შემთხვევაც კი, გამოყენებული იყო ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვისთვის და პროცესების შავ ფერებში წარმოჩენისთვის, რომ რამენაირად ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ საქართველოს სახელი მაქსიმალურად შელახულიყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.