“სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა, ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ „3+3 ფორმატში“ გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა” – ვოლსკი
“სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა, ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ „3+3 ფორმატში“ გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა, ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ „საქართველოს წარმომადგენლებისთვის სკამი ყოველთვის იქნება „3+3 ფორმატის“ სხდომათა დარბაზში“.
“რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს, ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკი, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის. მოკლედ არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას. საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს, თუმცა ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.