მამუკა მდინარაძე: „დიფ სთეითმა“ წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები
„საქართველოში მოქმედებს „დიფ სთეითის“ აგენტურა და სამწუხაროდ, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მოქმედებენ ევროპული ბიუროკრატიის ძალიან ბევრი წარმომადგენლები, რომლებთან სინქრონში მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, ის ხალხი, რომელიც „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არის და მათ დავალებებს იღებს, ერთმანეთს ელაპარაკებიან და ამით იქმნება საქართველოში ნიუსები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები
„ეს არის „დიფ სთეითის“ და მისი აგენტურის მიერ დალაგებული და საქართველოსთან მიმართებით მავნებლური სქემა და გეგმა იმისათვის, რომ დააზიანონ ქართული ინტერესები, იმისათვის, რომ „ჩელიაბინსკში“ გაღვიძების მდაბიო მესიჯი კვლავ გახდეს აქტუალური, ასეთი სისულელეები რომ ილაპარაკონ, ამისათვის ქმნიან ასეთ ნიუსებს.
სინამდვილეში ხდება ერთი მთავარი რამ – „დიფ სთეითმა“, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტურის წარმომადგენლები, მათ ზურგს უმაგრებდნენ და ამაში კიდევ უფრო მძლავრად იღებდნენ მონაწილეობას საქართველოს და მისი უკვე არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენლები.
ამ დიდმა, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან გავლენიანმა ჯგუფმა წააგო საქართველოში არჩევნები, ახლა აღარ იციან, რა ქნან და ამ სისულელეებს დგამენ თავიანთი დღის წესრიგის თუ ფეიკების სახით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.