მამუკა მდინარაძე: ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველომ კუთვნილი ადგილი თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა

„ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველომ კუთვნილი ადგილი თავისი დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სწორად განსაზღვრა მთავარი პრიორიტეტი, რაც ამ ქვეყნის გადარჩენას მოემსახურებოდა, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ვერავინ ვერასდროს ვეღარ უნდა მიიღოს ქართველებისა და ქართული საზოგადოების გარეშე.

„უდიდესი შეცდომა იქნება ალბათ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება და იმის თქმა, რომ რაღაცას გადაინაწილებენ, როგორც ეს ხდება ხოლმე სამოქალაქო-საყოფაცხოვრებო დონეზეც კი. ხშირად ჩვენ მოგვისმენია საუბრები, მაგრამ ამ საუბრების დონეზე არ რჩება დიდი გადაწყვეტილებები და გლობალურ პოლიტიკაში დიდი აქტორები ასე ჭორის დონეზე არ იღებენ ხოლმე გადაწყვეტილებას, როგორც ამას ხშირად ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ ხოლმე, იმიტომ, რომ საჭორაო მოედნად გახადეს მათ მაგალითად ქართული ტელევიზიები, კრიტიკულ მედიას რომ ეძახიან და სინამდვილეში აგენტურის მედიას რომ წარმოადგენენ.

სინამდვილეში ხდება ძალიან დიდი გლობალური პროცესები, რომელშიც საქართველომ თავისი ადგილი, თავისით დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის ფონზე იპოვა. როგორი მიმართულებითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გადარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ შენ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ხარისხი იმდენად გააძლიერო, რომ ვერავინ ამ დიდ მოლაპარაკებებში, გადაწყვეტილებებში, შენს გარეშე ვერ შეძლოს გადაწყვეტილების მიღება.

დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას ევროპული ბიუროკრატია, თავად ევროპა და ევროკავშირი? კეთდება განცხადებები, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხში იქნებ უკრაინაც იყო ჩართულიო. ანუ, სახვეწარი რა გაუხდათ, სამწუხაროდ, ნახეთ?! რომ უკრაინამ იქნებ მონაწილეობა მიიღოს იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც შეეხება უკრაინას. ახლა დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ჰო?! რამდენი ხნის წინ ვსაუბრობდით ჩვენ იმას, რომ საქართველოზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება ქართველების გარეშე. თქვენ გნებავთ ახლა თქვით, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაარტყესო“ ან თქვით, რომ გაუმართლათო, მაგრამ სინამდვილეში, ჩვენ სწორად განვსაზღვრეთ მთავარი პრიორიტეტი, რაც ამ ქვეყნის გადარჩენას და რა თქმა უნდა, კეთილდღეობას, განვითარებას, მაგრამ პირველში გადარჩენას მოემსახურებოდა, რომ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებები ვერავინ ვერასდროს ვეღარ უნდა მიიღოს ჩვენი, ქართველების და ქართული საზოგადოების გარეშე“,- აღნიშნა მდინარაძემ.

მან ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზეც, როდესაც საქართველოში გარე აქტორების გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ იღებდა.

„ჩვენ ვიცით პერიოდი, როცა გარდა იმისა რომ მკვლელობა, წამება და გაუპატიურება მთავარი ნიშა იყო „ნაცმოძრაობის“, ერთ-ერთი მთავარი, რაც ასე ხელის გულზე თითქოს ყველა მოქალაქისთვის არ ჩანდა, იყო ის, რომ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ თავად. უბრალოდ გადაწყვეტილებას რას მიიღებდნენ იცით? ვინ სად მოეკლათ და დაესაჯათ. ამაშიც კი, ჩარეულები იყვნენ მათი პატრონები, რა დონეზე მიეშვათ ამ მიმართულებით და თითქმის ბოლომდე მიუშვეს ჰო?!. გლობალურ კი არა ელემენტარულ საკადრო გადაწყვეტილებებსაც კი, ცოტა მაღალ დონეზე ვერ იღებდნენ თავიანთი პატრონების გარეშე. ეს ურემი რომ გადატრიალდა, როგორც იტყვიან და გზა გამოჩნდა, მერე ხომ კიდევ უფრო კარგად დავინახეთ და შევხედეთ ამ გზაზე რა ხდებოდა. ისინი იყვნენ აბსოლუტურად დამოკიდებულები თავიანთ შემკვეთებზე, პატრონებზე, დამფინანსებლებზე და წარმოადგენდნენ აგენტურას, რომელსაც არ შესწევდა ძალა შეწინააღმდეგებოდა პატრონს რაღაცაში. დღეს ჩვენი გადარჩენის მთავარი გასაღები, რეცეპტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს და ჩვენ ვემსახურებით ყველანი ამ დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერებას იმისათვის, რომ საქართველო მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში იყოს მთავარი აქტორი. ეს არის ოქროს გასაღები ამ დიდ გლობალურ და ამ ეტაპზე დიდწილად გაურკვეველ პოლიტიკაში საქართველოს თანამონაწილეობის, იმისათვის, რომ ქართული ინტერესი იყოს პირველ რიგში და პირველ პლანზე დაყენებული“,- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები