უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს შტაბ-ბინაში მოკავშირეებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის დასრულების მიმართულებით უკვე მუშაობს.
ჰეგსეტმა, ბელგიაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან საუბრისას, ასევე თქვა, რომ „მკვეთრი სტრატეგიული რეალობა ხელს უშლის შეერთებული შტატების ფოკუსირებას პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოებაზე“, რადგან აშშ ფოკუსირებულია „ჩვენი საზღვრების დაცვაზე“ და „წყნარ ოკეანეში ჩინეთთან ომის შეკავებაზე“.
„პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო იყო ამერიკელ ხალხთან და ბევრ ლიდერთან, რომ ბრძოლის შეწყვეტა და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა მთავარი პრიორიტეტია.
ის აპირებს ამ ომის დასრულებას დიპლომატიური გზით და რუსეთისა და უკრაინის მაგიდასთან დასმას. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მას ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
ჩვენ გვინდა სუვერენული და აყვავებული უკრაინა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს.
უკრაინის მდგრადი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, რათა ომი აღარ დაიწყოს. აშშ არ მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოლაპარაკების გზით დარეგულირების რეალისტური შედეგია. სამაგიეროდ, უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია მხარდაჭერილი უნდა იყოს ევროპული და არაევროპული ძალებით. თუ ეს ჯარები განლაგდებიან უკრაინაში მშვიდობისმყოფელების სახით, ისინი უნდა განლაგდნენ როგორც არა ნატოს მისიის ნაწილი და მათზე არ უნდა გავრცელდეს ნატოს მე-5 მუხლი. ასევე უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობა საკონტაქტო ხაზზე. გასაგებად რომ ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში აშშ-ის ჯარები არ იქნება განლაგებული“, – განაცხადა ჰეგსეტმა.