კახა კალაძე სასტუმრო „იბის თბილისი სითის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან კიდევ ერთი სასტუმრო – „იბის თბილისი სითი“ (ibis Tbilisi City) მოემსახურება, რომელიც ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში მდებარეობს და 156 ნომერზეა გათვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ასევე, მივულოცო იმ მოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან აქ იმუშავებენ და მოემსახურებიან, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ჩამოსულ სტუმრებს. როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ულამაზეს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ჩვენი ქვეყანა და ქალაქი გამორჩეულია ტურიზმით, უამრავი ადამიანი სტუმრობს მას, ეს პროექტი კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება იმ ხაზის, რომელსაც ტურიზმის განვითარება შეუძლია. ამ კონკრეტულ პროექტში 45 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 50-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ჩვენთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს გვერდში დავუდგეთ და მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს „არქი ჰოსფითალითი“, რომელიც დეველოპერული კომპანია „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა.

სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი, განთავსებულია სპორტდარბაზი, ასევე, ოთახები შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის, რომელიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები