ლაშა გაბიტაშვილის მტკიცებით, მას თავს ნიღბიანები დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
თბილისში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
მოგვიანებით, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თავს 3 ნიღბიანი დაესხა.
“არ ვიცი, ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ 3 კაცი მომვარდა ნიღბებით, მაღაზიაში შევედი, მერე წავიდნენ. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერ და მივყვები, როგორც საჭიროა. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს, კარგად ვგრძნობ თავს. „გაუსწორეს“, ახლა „აჩოტს“ მისცემენ, ვცემეთ, ჩვენ ჩვენი გავასწორეთ, რაც იქ ქნაო. ღმერთმა შეარგოთ ასეთი ცხოვრება, თუ ასე უნდათ ცხოვრება, ვისაც ასე უნდა ცხოვრება, იცხოვროს, ჩვენ არ ვაპირებთ ასე ცხოვრებას“, – განაცხადა გაბიტაშვილმა.
მომხდარს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა.
“ზოგადად, გამოირჩევა ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით, შეიძლება, მეზობელი იყოს, მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა კამერით რომ დარბის კაცი, ეტყობა, იმანაც არ ვიცი, ნიღბით იყო თუ უნიღბოდ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ”, – აღნიშნა ზარქუამ გაბიტაშვილზე საუბრისას.
შეგახსენებთ, 12 იანვარს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი „ქართული ოცნების” წევრებთან მიდის, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვება.
მომდევნო დღეს გაბიტაშვილთან მმართველი გუნდის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მივიდნენ, რასაც კვლავ მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
როგორც დღეს ზარქუამ განაცხადა, მომხდარის შემდგომ, მას და ლაშა გაბიტაშვილს შორის საუბარი შედგა და მათ საკუთარი შეხედულებები გაცვალეს.