დავით ჩიხელიძე: საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევა ვნახეთ, რაც შიდა აქტორების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა – მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურის გამოძიება კონკრეტულ შედეგზე გავა და უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ქვეყანა გაყიდა
“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, უცხო ძალების მიერ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისთვის კი ადგილობრივი ორგანიზაციები არიან გამოყენებულნი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს საკითხი ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკვე თავად ამერიკელი პოლიტიკოსებიც ღიად საუბრობენ USAID-ის მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყნებში მოწყობილ რევოლუციებსა და გადატრიალებაზე, შესაბამისად, ჩიხელიძეს აქვს მოლოდინი, რომ ყველა, ვინც ქვეყანა გაყიდა, უმკაცრესად დაისჯება.
“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უპრეცედენტო გამოძიება დაიწყო, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, უცხო ძალების მიერ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევა ვნახეთ, რაც შიდა აქტორების მხარდაჭერის და ჩართულობის გარეშე ვერ მოხდებოდა.
მსურს აღნიშნულს უფრო ფართო ჭრილში შევხედოთ და არა ლოკალურად, მხოლოდ საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. ბოლო დროს ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსები ღიად ამბობენ, რომ USAID-ის და ზოგადად ამერიკული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით არაერთ ქვეყანაში მოხდა რევოლუცია და კანონიერი ხელისუფლების ცვლილება, საერთაშორისო ორგანიზაციები თავის მხრივ ფინანსურ რესურსს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადასცემდნენ, რომლებიც წარმატებით ახორციელებდნენ საკუთარი ქვეყანაში რევოლუციებს თუ სხვადასხვა საბოტაჟურ ქმედებებს. სხვადასხვა ქვეყნებში, უცხო ძალების ჩარევის კონტექსტში არაბულ ქვეყნებთან ერთად აქტიურად ახსენებენ უკრაინის მაიდანს და 2003 წელს საქართველოში განხორციელებულ რევოლუციას. მიმდინარე პერიოდში კი მსოფლიოში რამდენიმე წერტილი არსებობს, სადაც უცხო ძალების ჩარევის შესახებ განცხადებები კეთება, ეს პირველ რიგში შეიმჩნევა რუმინეთში და სლოვაკეთში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ხშირ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისთვის ადგილობრივი ორგანიზაციები არიან გამოყენებულნი, რომლებიც დიდი ფულის სანაცვლოდ მზად არიან უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ.
მაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება კონკრეტულ შედეგზე გავა და უმკაცრესად დაისჯება ყველა პირი, რომელმაც ფულის სანაცვლოდ ქვეყანა გაყიდა და ხელი შეუწყო უცხო ძალების ინტერესების გატარებას! ქვეყნის მუდმივად ტურბულენტურ ზონაში ყოფნა არავის არ შერჩება!” – წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.