USAID-ის თანამშრომლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე, – ინფორმაციას ამის შესახებ ABC News ავრცელებს.

მათი ცნობით, დეპარტამენტი მიზნად ისახავს USAID-ის ყველა თანამშრომელი, ოჯახის წევრების ჩათვლით, გაიწვიოს შეერთებულ შტატებში შაბათისთვის.

„2025 წლის 7 თებერვალს, პარასკევს, 23:59 საათზე (EST), მთელი მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის პირდაპირი დაქირავებული თანამშრომლების ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნა მოხდება“, – ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც ABC News წერს, სააგენტოს ადმინისტრატორის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, პიტ მაროკომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ თუ გამოყვანა ვერ დასრულდება, პროცესში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

განცხადების თანახმად, სააგენტო აშშ-ის ფარგლებს გარეთ მომუშავე თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმას ამზადებს. ასევე, USAID-ი მათთვის 30 დღის განმავლობაში აშშ-ში დაბრუნებას, ხარჯების ანაზღაურებასა და კონტრაქტების გაწყვეტას უზრუნველყოფს.

„თქვენ დარჩებით ადმინისტრაციულ შვებულებაში ანაზღაურებით. ადმინისტრაციულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, თქვენ არ უნდა შეხვიდეთ USAID-ის შენობაში, არ შეხვიდეთ USAID-ის სისტემებში ან არ სცადოთ, გამოიყენოთ თქვენი თანამდებობა ან უფლებამოსილება USAID-თან რაიმე ფორმით, ჩემი წინასწარი ნებართვის ან თქვენი მეთაურობის ზედამხედველის წინასწარი ნებართვის გარეშე“, – ნათქვამია ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლის, პიტერ მაროკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მის დახურვაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები