პატრიარქი: ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.
“ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ააშენოს თავისი სულიერი ტაძარი გულში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ერი მიდის წინ და ამის მაგალითია ღვთისმშობლის დიდებული ტაძარი. ეს ტაძარი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელზე შენდება”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებიან.
პატრიარქმა ქადაგებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მადლიერება გამოხატა.
“მადლობა ყოვალდწმინდაო ღვთისმშობელო, შენი დიდი მფარველობისთვის, შენი დიდი წყალობისთვის. მიუხედავად ჩვენი ცოდვებისა, ღირსი გაგვხადე ჩვენ სასუფევლისა. გმადლობთ შენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომ ქართველი ხალხი აშენებს თავის სულიერ ტაძარს და მასთან ერთად მატერიალურ ტაძარს”, – ბრძანა უწმინდესმა.