“სალომე ზურაბიშვილი უნდა წარმოჩნდეს, როგორც მშვიდობის მტრედი” – გია ვოლსკი
“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს, რადიკალური პროცესების განვითარების სცენარის მიხედვით, დაევალა, იქცეს გარკვეულ მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს, ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერი ამბობს, ჩანს, რომ ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები და მრჩევლებმაც ალბათ უთხრეს, რომ ეს რეალობაა და ამ რეალობას გაუსწორა თვალი. არ ვიცი, დღეს რას იტყვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში მის მიერ გამოხატული მზაობა იმისა, რომ ელაპარაკოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ჩერჩეტობაა ეს ყველაფერი და ბოლომდე უნდა დაინგრეს სახელმწიფო, მერე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ვფიქრობ, რომ უნისონშია. სალომე ზურაბიშვილი უნდა წარმოჩნდეს, როგორც მშვიდობის მტრედი, რადგან როდესაც ის კანონს დაუპირისპირდება, ჩამოყალიბდება ფიგურა ადამიანისა, რომელიც ითხოვდა გარკვეული პროცესების, პოზიტიური პროცესების განვითარებას, მაგრამ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა რაღაც რეალურ გადაცდომებზე და დანაშაულებზე. ანუ საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აღქმა, რომ არსებობს სამართალი, მაგრამ ეს სამართალი აბსოლუტურად ცალკეა იმისაგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს.
ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქრება გვმართებს და არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებას, ვისაც ნეიტრალური პოზიცია აქვს, ან ქუჩებშია გამოსული. თავად სალომე ზურაბიშვილს 100-ჯერ მართებს დაფიქრება, ხომ არ არის იგი ამ სცენარის მიხედვით მსხვერპლი, მისი როლი ჩამოყალიბებული როგორც მსხვერპლის როლი. აუცილებლად შეფასდება ეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ეს თვითონ კარგად იცის. კონსტიტუციის დარღვევის ეს ფორმა, რასაკვირველია, განაპირობებს მის მიმართ გარკვეული სამართლებრივი ზომების გატარების აუცილებლობას, რადგან ეს პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო სტაბილურობას და ზოგადად სახელმწიფოში უკონტროლო დანაშაულებრივი პროცესების განვითარების წინაპირობების შექმნას.
ამდენი ხანი ამ დესტრუქციული სცენარის მიხედვით მოქმედებდა, რომელსაც ქმნიდა თუნდაც ეს „მაკკეინის ინსტიტუტი“ და ამას აჟღერებდა. ეს არ არის უბრალო ორგანიზაცია და რასაკვირველია, მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ სცენას. მივიდნენ იმ კულმინაციურ წერტილამდე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი უნდა იქცეს ან დამნაშავედ, სხვა ალტერნატიული აზრი არ არსებობს, ან რასაკვირველია, უნდა მოძებნოს გზა, როგორმე, თავი დააღწიოს აი ამ როლისაგან, რომელიც მას მიანიჭეს. ისევე როგორც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე როლი მიცემული იმისა, რომ უნდა ყოფილიყო მომაკვდავი დემოკრატიის შუქურა, რომელიც იჩაგრება საქართველოში. ვფიქრობ თვითონ დროულად მიხვდა ამას და თავი გადაირჩინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.