თამარ ტალიაშვილი: ალენ ბერსეს, ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ვიზიტი, საგანგებო მნიშვნელობის მქონეა
“ალენ ბერსეს, ასეთი მაღალი რანგის ფიგურის ვიზიტი, საგანგებო მნიშვნელობის მქონეა”, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო მან რაც აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირებული წევრი ევროპის საბჭოსი.
„არ მოვყვები საუბარს მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისი დამსახურება, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ თვითონ ის მანდატი, რომლითაც ის ჩამოვიდა, არის ძალიან ფართო მასშტაბის. ის წარმოადგენს ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას. მათ შორის, ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა. გარდა ამისა, ბრიტანეთი, ნორვეგია, ბალკანეთის ქვეყნები, თურქეთი და სხვა. ის ჩამოვიდა ფართო მასშტაბით, საკმაოდ საინტერესო დელეგაციით და შეხვედრა ჰქონდა არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან, ოპოზიციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ძალიან ფართო, შინაარსიანი შეხვედრების შემდეგ მან გააკეთა განცხადება, შეაფასა ვითარება და თქვა, რომ აუცილებელია ამ მოცემულობაში იყოს აქტიური დიალოგი და დიალოგისთვის აუცილებელია, რომ ყველა მხარე, ყველა აქტორი იყოს მონდომებული და ღია ამ დიალოგისთვის. ანუ, ეს არ შეეხება მხოლოდ ერთ მხარეს, ან მხოლოდ ოპოზიციას, ან მხოლოდ ხელისუფლებას. ეს შეეხება ყველას. ეს არის ძალიან ლოგიკური, ბუნებრივი მოწოდება, რომელიც ბუნებრივია იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის წევრიც არის საქართველო.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მან რაც აღნიშნა, რომ საქართველო არის ღირებული წევრი ევროპის საბჭოსი და როდესაც წევრ ქვეყანას შენ უსურვებ წარმატებას, უსურვებ პროგრესს, ბუნებრივია, გინდა იქ პროცესები განვითარდეს მშვიდობიანად. სურვილი არის, რომ დესტრუქციული პროცესები გადავიდეს კონსტრუქციულ სიბრტყეში და ის დემოკრატიული ჩარჩო, რომელშიც ვითარდება ყველა დემოკრატია, ყველა სახელმწიფო, ასევე ეს ყველა კრიტერიუმი იყოს საქართველოში. ეს არის ერთადერთი ლოგიკური სურვილი, რომელიც შეიძლება გააჩნდეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც ზრუნავს თავის წევრს სახელმწიფოებზე“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.