ნინო წილოსანი: ეს სანქციები არის ადამიანების დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა
“გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრები მუდმივი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ იყვნენ, თუმცა, აშშ-ის გარკვეული მოკავშირე პოლიტიკური ძალების მხრიდან მიმდინარე პროცესების მიწურულს ბოლო გასროლასავით იყო გამოყენებული სანქციების საკითხი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოს თანამდებობის პირებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შეფასებისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს სანქციები არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა.
„გაზაფხულიდან მოყოლებული თითოეული ჩვენგანი დიდი მუქარის ქვეშ ვიყავით, რომ დაგვასანქცირებდნენ. მათ შორის იყო განცხადებები, რომ რიგი პოლიტიკოსები დაასანქცირეს, თუმცა ამას არ მოჰყვებოდა სია, იმდენად არალეგიტიმური და უკანონო იყო ამ სანქციების წარმოდგენა მიღებული კანონების გამო, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ. თავისთავად ერიდებოდნენ კონკრეტიკას, თუმცა ფაქტია, რომ აშშ-ის გარკვეული მოკავშირე პოლიტიკური ძალების მხრიდან აი ამ პროცესების მიწურულს, უკვე ბოლო გასროლასავით იყო გამოყენებული სანქციების საკითხი.
ჩემთვის ამ სანქციებთან მიმართებით დიაგნოზი და საბოლოო შეფასება იყო ვახტანგ გომელაურის მიმართ წარმოდგენილი სანქციები. თუ ვინმე იცნობს მას პირადად ან ზოგადად, ადევნებს თვალს და რაიმე გაუგია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენციის, პროფესიონალიზმის, წარმატებული საქმიანობის ადამიანი. მისი ისტორია, პოლიტიკაში მოსვლიდან მოყოლებული, 2012 წლის ბრძოლებიდან დაწყებული დღემდე გვაჩვენებს, რომ ის ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მებრძოლი ადამიანია. ვახტანგ გომელაური სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, როგორც ერთ-ერთი კარგი პარტნიორი ტერორისტული პროცესების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენიმე დღის წინ ასე პოზიტიურად იყო შეფასებული, ახლა უკვე ამ სანქციების სიაშია, რაც კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ეს სანქციები არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დაშინებისა და ზეწოლის მცდელობა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ნამდვილმა, პირნათელმა, გულმხურვალე და თავდადებულმა მოხელეებმა, პოლიტიკოსებმა და სხვა ყველა დანარჩენმა არ მიიღონ ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც უკვე დადასტურებულად ვიცით რომ არ გამოუვიდათ“, – აღნიშნა წილოსანმა.