მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ. ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. “კვირა” უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ლაშა ჯიხვაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილს ბრალი მკვლელობასა და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლაშა ჯიხვაშვილისა და მისი კოლეგების მიერ მაღაზიის დაკვირვების კამერების ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი – წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1993 წლის 7 მაისს დაბადებული მირზა ბუჩუაძე. იმავე დღეს ზემოაღნიშნულ მაღაზიასთან მყოფმა ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანით მოძრავი მირზა ბუჩუაძე შეამჩნია და კოლეგებთან ერთად ფეხით დაედევნა. ბუჩუაძემ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ჩიხში შეუხვია, ავტომანქანა მოაბრუნა და უკან იგივე გზის გავლით მოძრაობდა, რა დროსაც ჯიხვაშვილმა ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა. მირზა ბუჩუაძე მოთხოვნას არ დაემორჩილა და გააგრძელა გზა. ამის შემდეგ ლაშა ჯიხვაშვილმა ავტომანქანის მიმართულებით გაისროლა, რასაც მ. ბუჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები