რუსთავის თეატრში კომედიის X თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი 11- 24 ნოემბერს კომედიის X თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის საზეიმო გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე რუსთავის მერთან – ნინო ლაცაბიძესთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის გახსნაში მონაწილეობდნენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები. საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. თეატრის დიდ სცენაზე მაყურებელმა ნახა ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი „სიყვარულის აგონია“ (რეჟისორი კოტე აბაშიძე).
საფესტივალო პროგრამა მოიცავს 11 თეატრის წარმოდგენებს. ფესტივალის ხასიათი დაარსების დღიდან უცვლელია და რეპერტუარი მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლებს აერთიანებს.
„საგულისხმოა, რომ წლევანდელ ფესტივალზე, მსგავსად გასული წლებისა, ჩატარდება კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომელშიც მონაწილეობა სტუდენტ და მაგისტრანტ რეჟისორებს შეეძლებათ. მათ უნდა წარმოადგინონ ეპიზოდები კომედიური ჟანრის პიესებიდან ეტიუდების სახით. კონკურსანტებს ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე გამოვლინდება. ფესტივალის რეპერტუარშია შარშან გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტის, თეიმურაზ დვალის, სპექტაკლი „ვახშამი ექვსისთვის“.
აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია, რომელიც საუკეთესო მსახიობს გადაეცემა.
კომედიის ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია სოსო ნემსაძე“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .
ვრცლად ფესტივალის შესახებ, იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/1EBZcMf6Mw/?mibextid=LQQJ4d

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები