საქპატენტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) დელეგაცია ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტი“, პირველად, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია ეწვია.

საქპატენტის ინფორმაციით, უწყების მცხეთის სათავო ოფისში საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, მოადგილეებთან თიკა ნებიერიძესა და ნინო ჩიქოვანთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის და CNIPA-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა.

“შეხვედრაზე მხარეებმა საქპატენტსა და CNIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასა და ურთიერთაღიარებას, უწყებებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ასევე თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივ საერთაშორისო ყოველწლიურ საგანმანათლებლო აქტივობებზე, მათ შორის საზაფხულო და ზამთრის სკოლებზე. აღინიშნა რომ ადგილობრივი სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სახელმძღვანელოებისა და სტრატეგიების შემუშავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ.

ამავდროულად, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „სარტყლისა და გზის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ თანამშრომლობის“ (BRIPC) პროექტებში საქპატენტის ჩართულობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და დიდ მასშტაბს შეიძენს.

აღსანიშნავია, რომ საქპატენტსა და CNIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისათვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო წლებში გადაიდგა, 2023 წლის 31 ივლისს ხელი მოეწერა მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებდა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ორ უწყებას შორის როგორც კვალიფიკაციის გაცვლას, ასევე სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობას.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ვიზიტით პეკინს ეწვია, სადაც CNIPA-ს ხელმძღვანელთან დოქტორ შენ ჩანგუისთან პირისპირ შეხვედრაზე, საქპატენტსა და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, ოფიციალური შეთანხმება შედგა. თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ გაფორმებული ე.წ. განზრახულობის აქტი ითვალისწინებს ორივე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების ურთიერთგაგების ხელშეწყობას, განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების გაზიარებას, ორივე მხარისთვის საერთო ინტერესის სფეროებში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის პრაქტიკის გაცვლასა და გაზიარებას, მათ შორის კონკრეტული მაგალითების შესწავლას, წარმოშობის კვლევას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და საჭიროებების შესახებ კვლევების მხარდაჭერას, ასევე ორმხრივი დაცვისთვის გეოგრაფიული აღნიშვნების რეკომენდებული სიის წარმოდგენას”, – აცხადებენ საქპატენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები