“იმ ქვეყნის შურს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ომის ქარცეცხლშია გახვეული და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას” – ყაველაშვილი

“რა დღეშია უკრაინა. ამდენი დევნილი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი განადგურებული ქალაქი, სოფელი… ეს ბანერები ამას გულისხმობს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა და „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

“ქვეყანა, რომელიც ამ ომის ქარცეცხლშია გახვეული, წარმოიდგინე, იმის შურს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას. ასეთი სამარცხვინო გზავნილია. საქართველოს მოქალაქეებმა ხომ თავის თავზე განიცადეს. ჩვენს ზურგზე გავიარეთ. [უკრაინაში] ომის დაწყების დღიდან აქ რომ მიტინგები იყო, რას მოგვიწოდებდნენ? შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი. პირდაპირი მოწოდება იყო ომში ჩართვის.

რა თქმა უნდა, მეორე მხარეს რუსეთია, მაგას გეუბნებით. თქვენი პატრონები რომ მომიწოდებენ მე, ომში ჩავერთო რუსეთთან, ამაზე მაქვს საუბარი. ჩვენ რომ ეს განგვეხორციელებინა, იგივე რეალობა იქნებოდა, რაც უკრაინაშია. შენ რომ მომიწოდებ, რომ სანქციებს შევუერთდე, მოხალისეები გავუშვა, იარაღი გავუგზავნო, ომში ჩავერთო, იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოს ქალაქებში, რა რეალობაც არის უკრაინაში. ამას გულისხმობს ეს ბანერები და ძალიან კარგად იგებს ჩვენი საზოგადოება,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა წარწერებით: “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. მათზე უკრაინასა და საქართველოში დღეს არსებული რეალობაა ასახული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები