„საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში ლოგიკა არ არსებობს, რადგან ანტიდასავლური რიტორიკა მაშინ არ იყო, როცა მოწვევა დაწერეს?” – მაჭარაშვილი

„საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში ლოგიკა არ არსებობს, რადგან ანტიდასავლური რიტორიკა მაშინ არ იყო, როცა მოწვევა დაწერეს? მოწვევა საქართველოს ხელისუფლებას ხომ არ უთხოვია?”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“თავიანთი ინიციატივა იყო და შემდეგ თავად გააუქმეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ბოლო წლებში ვამბობთ, რომ ანტიამერიკულ ნაბიჯებს ჩვენ კი არ ვდგამთ, სამწუხაროდ – თავად დღევანდელი ადმინისტრაცია. ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების ფასად, ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით მსოფლიო მშვიდობას ვიცავდით, ისინი კი სტუმარმასპინძლობის წესსაც კი არ იცავენ. რეალობა ეს არის. უნდოდათ, მიზანი ყოფილიყო დასჯა, მაგრამ ასეთი „დასჯები“ კონტრპროდუქტიულია და პირიქით მოქმედებს. რაც უფრო მეტი ასეთი არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი ნაბიჯი იქნება გადადგმული, მით უფრო მოიმატებს ჩვენი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საქართველოს მიმართ ასეთ შეურაცხყოფას არავინ აიტანს და არ გაამართლებს იმას, რომ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ამერიკის ადმინისტრაციამ შეურაცხყოს. რა თქმა უნდა, მიზანი ვერ შედგა და ვერც შედგება, რადგან ქართული მენტალიტეტი დაფუძნებულია სტუმარმასპინძლობაზე, დამოუკიდებლობაზე, პარტნიორობაზე და არა მონობასა და ვასალურ დამოკიდებულებაზე. გვინდა მშვიდობა და ტრადიციების შენარჩუნება. ადმინისტრაცია ამბობს, რომ აქ უნდა მთავრობა, რომელიც ომს დაიწყებს და ტრადიციებს გააუქმებს, მწვანე შუქს აუნთებს ლგბტ პროპაგანდას. საზოგადოება რომელ მხარეს იქნება, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები