ირაკლი კირცხალია: კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში
“კი ბატონო, ბანერზე გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ “ქართული ოცნების” ახალ ბანერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს.
„დარწმუნებული იყავით, რომ ეს მშვიდობის პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. დამერწმუნეთ, საქართველოში ომი არ იქნება და ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცხოვროს მშვიდ გარემოში და მშვიდად განვითარდნენ.
კი ბატონო, გამოტანილი გვაქვს მარიუპოლის თეატრი და არ გვინდა, რომ ჩვენი ოპერის თეატრი იყოს ამ დღეში. მორჩა. არ გვინდა, რომ ის უბედურება, რომელიც დატრიალდა უკრაინაში, ჩვენს ქვეყანაში დატრიალდეს და გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდეს”, – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, ქუჩებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერები გამოიფინა, წარწერებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერზე გამოსახულია სამების საკათედრო ტაძარი, ასევე უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული და განადგურებული ადგილობრივი ეკლესია.