ზაზა შათირიშვილი: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი – არასწორია, ჩვენ ევროპაზე უფრო ძველები ვართ, ძველი არ ნიშნავს უკეთესს, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა

ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რომ ვთქვით – ჩვენ ვართ ერი, ჩვენს გვაქვს იდენტობა, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ, ის ლოზუნგები, რომელიც 35 წლის წინ იყო 9 აპრილს და მერეც, ამ ლოზუნგებმა და ნარატივებმა შეიძინა ხორცი, სისხლი და რეალობა გახდა, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ასეთი სიტუაცია 100-200 წელიწადში ერთხელ დგება. არის რაღაც ღრიჭო, როცა შეიძლება რაღაცის გაკეთება. იცვლება თამაშის წესები. წარმოიდგინეთ, სცენაზე დეკორაციები რომ იცვლება და უცებ ყველაფერს ხედავ, აი, ამ დროს არის შესაძლებლობების მომენტი. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით, რომ ვთქვით – ჩვენ ვართ ერი, ჩვენს გვაქვს იდენტობა, ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობა. დარწმუნებული ვარ, ის ლოზუნგები, რომელიც 35 წლის წინ იყო 9 აპრილს და მერეც, ამ ლოზუნგებმა და ნარატივებმა შეიძინა ხორცი, სისხლი და რეალობა გახდა.

ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა, ჩვენ ობოლი ერი ვართო და არის ეს კომპლექსი, რომ ვიღაცამ უნდა გვიპატრონოს. ასეთი დამოკიდებულება გაჩნდა დასავლეთის მიმართ, რომ შევალთ ნატოში და წამოვწვებით მხარ-თეძოზე. ასე არ არის. ნატოშიც, ევროკავშირშიც და ევროპაშიც სერიოზული პრობლემებია, შიდა დაპირისპირებებია იმიტომ რომ ზუსტად ეს ხდება – ცივილიზაციური გარდატეხა და მომენტი, როგორც საშიშროების, ასევე დიდი შესაძლებლობის. ამიტომ მე ასე ვიტყოდი: არის სიტუაცია, როდესაც დგება – ან – ან. მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ – თავს და მიდიხარ ყველაზე უფრო ხიფათიანი გზით. დანტე ალეგიერთან არის ასეთი მომენტი, როდესაც სამოთხისკენ უნდა წასვლა და უმოკლესი გზით არ გამოდის, პროტაგონისტი შორი გზიდან მიდის, იმიტომ რომ არის ასეთი წესი, რომ ხანდახან ყველაზე უფრო ახლო გზა არ გადის წრფეზე, არამედ გადის გვერდზე. რა თქმა უნდა არსებობენ ჩვენზე უფრო ძველი კულტურები. ჩვენ როდესაც ვარსებობდით როგორც კულტურა, დიდი ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის ნაწილი, ევროპაში ბარბაროსები დარბოდნენ. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს უბრალოდ ფაქტია. ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი – არასწორია. ჩვენ ევროპაზე უფრო ძველები ვართ. ძველი არ ნიშნავს უკეთესს, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა“, – აღნიშნა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები