საქსტატი: 2024 წლის II კვარტალში საქართველოში 218 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში 218 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (43.6 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (16.1 პროცენტი), კახეთის რეგიონში (12.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (8.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (6.0 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.5 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.4 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.9 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.5 პროცენტი).
მათივე ცნობით, 2024 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 387 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 832 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 372 კაცით განისაზღვრა.
“2024 წლის II კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 92.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 42.1 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 9.2 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 20.0 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.0 პროცენტი – თევზეული, 10.6 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.1 პროცენტი სხვა პროდუქტები. 2024 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 14.9 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 17.8 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 67.3 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ. ლარი შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 134.4 მლნ. ლარის ღირებულების (22.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 24.4 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 24.8 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 50.8 პროცენტი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 45.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (35.4 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.0 პროცენტი) და თევზეულზე (10.8 პროცენტი) მოდის. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.8 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.0 პროცენტს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.0 პროცენტს, მაისში – 56.5 პროცენტს, ხოლო ივნისში – 47.1 პროცენტს”,- წერია ინფორმაციაში.