თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ლურჯ მონასტერში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო „ოქროს წერაყინის“ მფლობელი ცნობილი ქართველი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის, ხსოვნას. მინისტრმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
“ცნობილი ქართველი მთამსვლელი 10 აგვისტოს მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად 34 წლის ასაკში დაიღუპა.
არჩილ ბადრიაშვილი გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად „ოქროს წერაყინის“ (Piolets d’Or) მფლობელია. მთამსვლელებს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მწვერვალ სარაგრარის დალაშქვრისთვის 2022 წელს გადაეცათ. 7 300 მ სიმაღლის მწვერვალის დასალაშქრად მათ უნიკალური მარშრუტი აირჩიეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულ მიღწევად შეფასდა.
დაღუპული მთამსვლელის სხვა მიღწევებს შორისაა მწვერვალ ნანგა პარბატის დალაშქვრა. ის და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები გახდნენ, რომელთაც პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის 8,126 მ სიმაღლის მწვერვალი დალაშქრეს.
აღსანიშნავია, რომ არჩილ ბადრიაშვილმა გიორგი ტეფნაძესთან ერთად უშბაზე მიხეილ ხერგიანის გუნდის შემდეგ ახალი მარშრუტი პირველმა გაიარა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს არჩილ ბადრიაშვილის ღვაწლს ქართული ალპინიზმის განვითარებაში”, – წერია ინფორმაციაში.