განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში სტიპენდიატთა ფორუმი გაიმართა

“სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში სტიპენდიატთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2024-2025 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიატები, საკონკურსო კომისიის წევრები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ”, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სტიპენდიატთა ფორუმს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – ტარიელ გუგავა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი – ნუნუ მიცკევიჩი და ცენტრის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელებში, სადაც უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის თავისებურებებს გაეცნენ. ფორუმის მონაწილეებმა განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების, მხარეთა უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მონიტორინგის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე, კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები და დასაქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები განიხილეს.

სტიპენდიატებისთვის გაიმართა ფსიქოლოგ ლალი ბადრიძის ვორქშოფი პროფესიული განვითარების, კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორის განსხვავებათა მიმღებლობისა და ინტერკულტურული დიალოგის თემებზე.

ფორუმის ფარგლებში, მოეწყო სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება და გასვლითი ტური, მათ შორის, ჰაწვალზე, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ფილფანის სახელობის თეატრში.

საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 12 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. 2024-2025 აკადემიური წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების ფარგლებში ჩატარებულ კონკურსებში საქართველოს 176-მა მოქალაქემ გაიმარჯვა. სახელმწიფო სასწავლო გრანტების წლიური ბიუჯეტი 5,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები