“ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას” – ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„ლიეტუვას უკვე მეოთხედ ვხვდებით და მათთან წაგების და ფრედ თამაშის გამოცდილება გვქონდა. მიხარია, რომ ამჯერად მოგება შევძელით. ვინც მატჩს უყურა, ჩვენი ნაკრებით იამაყებდა. შეხვედრა არასახარბიელოდ დავიწყეთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მატჩის მეორე ნახევარში, ფეხბურთელები მოედანზე გამარჯვებისთვის გავიდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ისაუბრა.
“ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით და არ მეგულება ისეთი ნაკრები, რომელიც მათზე მეტად იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. მათ ამ წარმატებაში დიდი შრომა ჩადეს. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც ჩვენ მატჩებს მუდმივად ესწრება. მჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით და მიხარია, რომ ეს შევძელით.
ყველაფერი წინ არის, ნაკრებში ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. მიხარია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს გვერდით დგას და ფეხბურთელებს მხარს უჭერს. მეამაყება, რომ დღეს ქართველი ვარ“, – აღნიშნა მწვრთნელმა.
წყარო: 1tvsport