თბილისში ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალი გაიხსნა

თბილისში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, დაფა სწორედ იმ კორპუსზე დამაგრდა, სადაც ეროვნული გმირი ცხოვრობდა.

“ჩვენმა სამეგობრომ გადავწყვიტეთ, ამ კორპუსში, სადაც ცხოვრობდა ზურაბ იარაჯული, გაგვეკეთებინა მემორიალური დაფა. გუშინ მისი გარდაცვალებიდან 31 წელი გავიდა და სწორედ ამ თარიღს, სიმბოლურად დავამთხვიეთ და გავაკეთეთ მემორიალური დაფა. კორპუსის მცხოვრებლებიც ჩაერთნენ ამ საქმეში ფინანსურად”,- განაცხადა “კვირასთან” საუბარში იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ლაშა ნოზაძემ.

ზურაბ იარაჯული, ქართველი სამხედრო მფრინავი, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გმირი. აფხაზეთის ომში დაიღუპა 1993 წელს.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები