„აკაკი ჩხენკელი – 150“ – 18-19 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

18-19 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს: „აკაკი ჩხენკელი – 150“.

კონფერენციას გახსნიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მეცნიერების მიერ.

გამოსვლები შეეხება: აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპს, პირველი მსოფლიო ომის, ომთაშორის ევროპის, ქართული ემიგრაციის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას. კონფერენციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი არქივიდან ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები და თვალსაჩინოება, რომელიც აკაკი ჩხენკელის ცხოვრებასა და მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, აკაკი ჩხენკელის – საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამოჩენილი პოლიტიკოსის დაბადებიდან 150 წლის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამოსაცემად ამზადებს აკაკი ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის ორ ტომს. მასში თავს მოიყრის აკაკი ჩხენკელის, როგორც დიპლომატისა და საზოგადო–პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიცემა აკაკი ჩხენკელის რჩეული თხზულებებიც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არსებულ ერთ-ერთ აუდიტორიას მიენიჭა აკაკი ჩხენკელის სახელი.

სახელოვანი დიპლომატის სახელი მიენიჭება თბილისის ერთ-ერთ სკვერს, რომელიც საბურთალოს რაიონში მდებარეობს.

ამავე სკვერში განთავსდება მისივე ბიუსტიც, ხოლო მთაწმინდის რაიონში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე იმ სახლის კედელზე, სადაც აკაკი ჩხენკელი ცხოვრობდა, განთავსდება მემორიალური დაფა.
საგულისხმოა, რომ აკაკი ჩხენკელის სახელის უკვდავსაყოფად დაწესდა მისივე სახელობის სტიპენდია, რომელიც გადაეცემა გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტიპენდიანტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გადასცემს ერთჯერად პრემიას.
ცნობილი დიპლომატის გამოსახულებით, საქართველოს ფოსტის მიერ შექმნილია საფოსტო მარკაც.
ღონისძიება გაიმართება: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია. დაინტერესებული პირებისთვის დასწრება თავისუფალია.

აკაკი ჩხენკელი (1874-1959) ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, 1921 წლიდან – საქართველოს ელჩი საფრანგეთში.

მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.

აკაკი ჩხენკელი ემიგრაციაში – 1921 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერესების დაცვის საქმეს საერთაშორისო ასპარეზზე ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები