ირაკლი ზარქუა: მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, საქართველო მეორე ფრონტში არ ჩაერთვება

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, საქართველო მეორე ფრონტში არ ჩაერთვება. აქ არის ორი ალტერნატივა – ომი ან მშვიდობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.

„ჩვენ უარი ვუთხარით მავანს მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ უარის გამო იყო, რომ დაიწყო გამოსვლები და დაფინანსებები. ჩვენთან არ ჩაიდინეს ტერაქტი? „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ ესროლეს ადამიანს და ცოცხლად წვავდნენ, გაქვთ მონაცემი, ამას ვინ აფინანსებდა? არც ჩვენ ვიცით და ეს ორგანიზაციის წევრია. კანონი არ გვაქვს ჩვენ, რომელიც დაავალდებულებდა მათ, რომ შეევსოთ დეკლარაცია, სადაც ჩაიწერებოდა, რომელმა ფონდმა დააფინანსა. ჩვენ არ დავუშვებთ აქ მეორე ფრონტს. არ გახსოვთ არასამთავრობოების მიმართა, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ? ჩვენ რომ სანქცია დაგვეწესებინა, რუსეთს რა, ჩვენისთანა ქვეყნის სანქცია 0,01% იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის ხომ ჩამოქცევა იქნებოდა, ხელფასების გაყინვა, პენსიების გაყინვა, ეკონომიკის ჩამონგრევა, ინფლაცია, ქაოსი და არეულობა – ეს იყო მიზანი. მერე მოგვთხოვეს, გაუშვით ჩვენი მებრძოლები უკრაინაშიო – თქვენ გგონიათ, ამას რუსეთი გაატარებდა?

ჩვენ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ მეორე ფრონტი გაგვეხსნა. როდესაც 2023 წელს უკრაინამ დაფინანსება მიიღო და შეტევაზე ვერ გადავიდა, ჩვენ შემოგვთავაზეს, რომ აფხაზეთში შევსულიყავით, გვეუბნებოდნენ, რომ იქ ბაზები დაცლილი იყო რუსებისგან, რადგან ყველა სამხედრო გადასროლილი ჰყავდათ უკრაინაში. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, ამ რუს ჯარისკაცებს ისევ აქეთ გამოუშვებდნენ და უკრაინა შეტევაზე გადასვლას მოახერხებდა – აი ეს გეგმა ჰქონდა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორს. ამას პირდაპირ ეთერებშიც ხომ ამბობდნენ. დღემდე არ არის მოხსნილი ეს პრობლემა და ამიტომაც არის, რომ მთელი საქართველოს გარშემო არის გარკვეული ჯგუფი, რასაც „გლობალური ომის პარტია“ დავარქვით. ეს არ არის ჯო ბაიდენი ან ვინმე ოფიციალური პირი, ეს არის მის უკან მდგომი, დონალდ ტრამპს ვინც ესროლა. ეს არის მცდელობა, მსოფლიო წესრიგის ახალი გადანაწილება მოხდეს. უკრაინის შემთხვევაში ხდება დიდ იმპერიებს შორის და საქართველო უბრალოდ გამოყენებადი მასალაა. ამაზე უარი ვთქვით და ამის გამო ჩვენი ლიდერი დაასანქცირეს, ორი მილიარდი გაუყინეს.

მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, საქართველო მეორე ფრონტში არ ჩაერთვება. აქ არის ორი ალტერნატივა – ომი ან მშვიდობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები