ირაკლი ზარქუა – ზურაბიშვილის სარჩელზე: უთავმოყვარეობის პიკი, პრეზიდენტი მისი ამალით კიდევ დამარცხდება საქართველოსთან
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით სამი სიტყვით შეიძლება შევაფასოთ: უთავმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა და სამარცხვინო აქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, ისევე, როგორც შარშან, საქართველოს წინააღმდეგ დავაში წელსაც დამარცხდება.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედება სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით სამი სიტყვით შეიძლება შევაფასოთ: უთავმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა და სამარცხვინო აქტი. გაუგებარია… ქართველი ხალხი აქამდე მოვედით იმიტომ, რომ ღირსების დაცვას შევეწირეთ. ქართველი კაცი და ღირსება ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია. პრეზიდენტი, რომელიც დადანაშაულებული იქნა, დამტკიცებული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, არა და გარანტი უნდა იყოს მისი დაცვის, მოსამართლეებს გამყიდველებს და მონებს ეძახდა, დღეს ისევ დგება, მიდის და ეუბნება, რომ სამართალი დაუდგინოს. ეს არის უთავმოყვარეობის პიკი როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ისე მადამ პრეზიდენტის შემთხვევაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება მსჯელობა, თუ მიიღო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში და ჩაინიშნება საკონსტიტუციო განხილვა, არგუმენტები, რაც გუშინ გვქონდა და გუშინწინ, იგივე გვექნება დღესაც და ხვალაც და, შესაბამისად, მორიგ ჯერზე პრეზიდენტი მისი ამალით კიდევ დამარცხდება საქართველოსთან.
უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის 85 მილიონიდან მხოლოდ 15 მილიონი ვიცით, დანარჩენი სად წავიდა, არ ვიცით და ამიტომ გახდა საჭირო, რომ ეს შეგვესწავლა. მაგალითად, მოძრაობა „სირცხვილია“ ხომ არის პროცესებში აქტიურად ჩართული. არც მისი წლიური ანგარიში ვიცით, ვინ დააფინანსა, რა მიზნობრიობით – არაფერი ვიცით“, – განაცხადა ზარქუამ.