“ამ გამოფენით სტუმრებს საშუალებას ვაძლევთ, ქართული მხატვრების თვალით დანახულ პარიზის ჯადოსნურ ატმოსფეროს გაეცნონ ” – „მხატვრის სახლში” 17 ივლისს ახალი გამოფენა გაიხსნება
“მხატვრის სახლში” 17 ივლისს, 17:00 საათზე ახალი გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე ქართველი მხატვრების მიერ პარიზში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
როგორც “მხატვრის სახლში ” აცხადებენ, გამოფენა მოიცავს მრავალფეროვან ნამუშევრებს, რომლებშიც მხატვრები პარიზის ქუჩების, არქიტექტურის, კულტურისა და ატმოსფეროს მაცოცხლებელ მომენტებს ასახავენ. მათივე ცნობით, თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და გამოხატავს მხატვრის პერსონალურ ხედვასა და შთაბეჭდილებას, რაც მათ პარიზში მოგზაურობის დროს მიიღეს.
„მხატვრის სახლი” ყოველთვის არის ადგილი, სადაც ხელოვნება და კულტურა საზოგადოებას აერთიანებს. ამ გამოფენით კიდევ ერთხელ ვაძლევთ საშუალებას ჩვენს სტუმრებს, იმოგზაურონ ხელოვნების მეშვეობით და გაეცნონ ქართული მხატვრების თვალით დანახულ პარიზის ჯადოსნურ ატმოსფეროს — აცხადებს “მხატვრის სახლის” დამფუძნებელი, თანამედროვე ქართველი მხატვარი ია არსენიშვილი.
მისივე ცნობით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ის მხატვრები, რომელთა ნამუშევრები ქართველი მხატვრების პარიზში მოღვაწეობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგამოფენო კვირეულისა და “არტ ექსპო პარიზი 2024 -ის” ფარგლებში, გამოფენილი იყო მიმდინარე წლის 1-დან 10 აპრილამდე ლუვრის კომერციულ საგამოფენო დარბაზში „Le Carusel Du Louvre“ და გალერეაში „Galerie Beauté Du Matin Calme“.
გამოფენა დახურულია და დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოწვეული სტუმრებისათვის.