“საქართველო დღეს პოლიტიკური ტერორის მსხვერპლია, რომელიც აშშ-დან ზუსტად იმ ძალების მიერ იმართება, რა ძალებმაც ტრამპზე შეტევა განახორციელეს” – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.
“დღეს ჩემი წერილი გავრცელდა, საზოგადოებას მისი გაცნობის შესაძლებლობა ექნება. საქმე იმაშია, რომ წერილის წერას შაბათს მოვრჩი, ჩვენი შეხვედრის დროს იმ საკითხებს შევეხები, რომელიც ამ წერილშია. მაგრამ რაც კვირას მოხდა, ვგულისხმობ ტერორისტულ შეტევას პრეზიდენტ ტრამპზე, აბსოლუტურად ზუსტი მტკიცებულებაა ყველაფერი იმისა, რაც ამ წერილში წერია. მახსოვს 1964 წელში, 10 წლის ვიყავი, როდესაც პრეზიდენტ კენედიზე ტერორისტული აქტი მოხდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა , ის სიცრუე, რომელშიც ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო და პირველ რიგში, ამერიკელი ხალხი იყო გახვეული, ერთი ერთში ჯდება იმაში, რაც გუშინ პენსილვანიაში მოხდა. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 100 მეტრში, იმ ადგილიდან, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი მიტინგს ატარებს, სახურავზე სნაიპერი იჯდეს და ეს სპეციალურმა სამსახურმა ვერ დაინახოს, რომელიც იქ უამრავი იყო. ბუნებრივია, რომ ეს იმ შეთქმულების ნაწილია, რომელშიც აშშ-ს ლიბერალური ფრთა, წარმომადგენლობა მონაწილეობს. ეს შეთქმულება არა მარტო ამერიკის ხალხის წინააღმდეგ, არამედ მთელ მსოფლიოში ხორციელდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო. საქართველო დღეს პოლიტიკური ტერორის მსხვერპლია, რომელიც აშშ-დან ზუსტად იმ ძალების მიერ იმართება, რა ძალებმაც ტრამპზე შეტევა განახორციელეს. იმ უბედურებას რომელსაც დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ჰქვია, არანაირი შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა, არ ჰქონდა, რადგან ის არის ისეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელსაც ჭიქა წყალს ვერ ჩააბარებს კაცი, როგორ შეიძლება ამხელა ქვეყანაზე ლაპარაკი? აშშ-ს სათავეში არ დგას ის ხალხი, ვინც თავის დროზე ამერიკელმა ამომრჩეველმა ამოირჩია როგორც სენატში, ისე კონგრესში, მით უმეტეს, პრეზიდენტად. ისმის კითხვა: ვინ მართავს აშშ-ს? აშშ-ს ბოროტი ძალები მართავენ. ეს არის ცალსახა. ეს ქვეყანა ბოროტების იმპერიად გადაიქცა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ყველა ქვეყანაში, სადაც ფეხი დაუდგამთ, უბედურების, ცეცხლის, სისხლის მეტი არაფერი მიუტანიათ. ამის მაგალითებია ერაყი, იემენი, ავღანეთი. სულ გვესმის, ათწლეულების მანძილზე რომ აშშ ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი ყოფილა, რადგან საქართველოში 6 მილიარდი აქვს დახარჯული. ეს სიცრუეა, არანაირი 6 მილიარდი დახარჯული არ აქვთ. დახარჯული აქვთ, დაახლოებით, 4 მილიარდი. ეს 4 მილიარდიც კარგად გვახსოვს სად და როდის იყო მიმართული, იმ კატასტროფის შემდეგ, რომელიც 2008 წელს საქართველოს დაემართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი აშშ იყო, ვგულისხმობ 2008 წლის ომს, როცა აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ნებისმიერი მცდელობა, საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგობაში შემოერთება საქართველოს ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ჩვენ დავინახეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგი, როდესაც გამოცხადდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში იქნებიან მიღებული. რამდენიმე თვეში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველო წყლის ანაბარა დატოვა. აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რუსეთი აშშ-ს ამ განზრახვას უპასუხოდ არ დატოვებდა. შედეგად რაც მივიღეთ ერთი ერთში ჯდება იმაში, რა შედეგებიც უკრაინამ მიიღო, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე და გამანადგურებელი. ვხედავთ, რომ ევროპის ცენტრალური ქვეყანა ნაცარტუტადაა ქცეული. უკრაინა რუსეთთან პირისპირაა მიტოვებული, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაპირებები იყო, რომ მხარდაჭერას აღმოუჩენდნენ და მარტო არ დატოვებდნენ. ვხედავთ შედეგს. ეს არის რეალური სურათი , რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ და საქართველომ აქედან გამომდინარე უნდა იმოქმედოს” – განაცხადა ხაინდრავამ.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ისმის, შეურაცხმყოფელი და უღირსია.
“პირველი და ყველაზე მთავარი – პოლიტიკური ტერორის მომსწრეები ვართ. ყველაფერი, რაც გვესმის საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით, არის ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე შეურაცხმყოფელი, ყველაზე უღირსი, რაც კი შეიძლება, კაცმა გაიგოს. საბჭოთა კავშირში ვარ დაბადებული, 35 წლის ვიყავი, როცა ეს უბედურება დაიშალა. კარგად მახსოვს ჩვენი ხალხისადმი ეს უტიფარი დამოკიდებულება, როდესაც აქ ცეკას ინსტრუქტორები ჩამოდიოდნენ და ყველაფერს, რაც ღირებული, მნიშვნელოვანი იყო საქართველოში თრგუნავდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ. ზუსტად იმავეს დღეს საქართველოში აშშ იმეორებს. ყველაზე დიდი სირცხვილი, რომლის მოწმენიც ვართ, ქართული ჯარისადმი დამოკიდებულებაა. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ათასობით და ათი ათასობით ქართველი ჯარისკაცი ამერიკის ინტერესების დასაცავად იმ მისიებში იბრძოდა, რომელსაც სამშვიდობო ერქვა. ყველაზე დიდი ცინიზმია, როდესაც ხალხის ხოცვა – ჟლეტას, დაწყებული კორეიდან, გაგრძელებული ვიეტნამით, დამთავრებული ავღანეთით სამშვიდობო მისიებს ეძახიან.
ახლა ამ 6 მილიარდთან დაკავშირებით – კარგად გვახსოვს, რომ აქედან 4 მილიარდი საქართველოსთვის 2008 წლის ომის შემდეგ იყო გამოყოფილი, შემდეგ გამოაშკარავებული იყო, რომ აქედან ერთი ნაწილი ოფშორულ ზონებში კეზერაშვილმა წაიღო, მეორე ნაწილი კი სააკაშვილმა. მთელი ამ წლების მანძილზე ეს ფული, რომელსაც დღემდე გვაყვედრიან, დახარჯული იყო იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოეყალიბებინათ, დაეფრთიანებინათ, ხელისუფლებაში მოეყვანათ საკუთარი აგენტურა, რაც განახორციელეს კიდეც. შემდეგ ეს ფული იხარჯებოდა იმისთვის, რომ სამარცხვინო , დანაშაულებრივი მმართველობა, როგორმე შეენარჩუნებინათ” – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, აშშ-ის პოლიტიკურ ელიტას საქართველოში ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით, შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
“ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ევროკავშირის ბიუროკრატია , პრაქტიკულად, ერთ ხმაში ჭიკჭიკებენ. რამდენიმე დღის წინ ვიყავით მოწმე იმისა, თუ როგორ გამოგვიცხადეს, რომ აშშ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აჩერებს. ეს იმ დროს , როდესაც თბილისიდან 25 კილომეტრში , ზუსტად იმ აგრესორის, როგორც ხშირად უყვართ ხოლმე ლაპარაკი, ოკუპანტის ჯარების დგანან, რა ჯარებიც დღეს უკრაინას ანადგურებენ. ის ჯარი აქ დგას, არსად წასულა. ამ პირობებში აშშ-მ საქართველოში წვრთნის და აღჭურვის პროგრამა შეწყვიტა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იმისთვის კი არ ხორციელდებოდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა დაეცვა, არამედ იმისთვის, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჯარი მსოფლიოში, დიდი ტრადიციებით, გამოცდილებით თავის მისიებში გამოეყენებინათ. ახლა ამ თაღლითებმა ამ აგრესორთან სამარცხვინოდ, ერთი ერთზე მიგვატოვეს, ჩვენთან სამხედრო ურთიერთობა შეწყვიტეს. როგორ ფიქრობთ, ამას პუტინი ყურადღებას არ მიაქცევს? ამას რუსეთი ვერ აფასებს? აქედან გამომდინარე თავის გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, რომ რეალურად საქართველო მარტოდაა დატოვებული? ამას აჰყვა სამარცხვინო ელჩი ჰერჩინსკი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქართული ჯარისადმი 30 -მილიონიანი დახმარება გაყინულია. შემდეგ რომ გაალღონ ეს ფული, ეტყობა, რომ არ გაუფუჭდეთ, ამას არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს გადასცემენ. აღმოჩნდა, რომ ეს მედიები, ის მედიებია, რომელსაც აშშ-ს საელჩო აკონტროლებს. ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან სადაზვერვო დაწესებულებები, აგენტურა. ყველა იმ მომენტში , როდესაც საქართველოს უჭირს, ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას, საზოგადოებას.
ვითარება ნათელია, აშშ-ის პოლიტიკურ ელიტას გადაწყვეტილი აქვს, საქართველოში ხელისუფლების ნებისმიერი ფორმით შეცვლა, იმ აგენტურის დაბრუნება, რომელმაც ყველა მათი ბრძანება შეასრულა და შედეგად საქართველოს ოკუპაცია მივიღეთ. აშშ საქართველოს არანაირი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, მით უმეტეს, არანაირი მეგობარი არაა.
აშშ-ს ადმინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ ძალიან დროულად გამოაცხადა. ურთიერთობებს აუცილებლად უნდა გადავხედოთ. ამ ურთიერთობების გაგრძელება წარმოუდგენელია. იმიტომ, რომ ეს არ არის მეგობრული, ესაა ბატონყმური ურთიერთობების დამყარების მცდელობა, რომელსაც, პრინციპში, მთელი ეს 30 წელი ადგილი ჰქონდა. არცერთი ხელისუფლება არ იყო მზად იმისთვის, რომ ამის შესახებ ხმამაღლა განეცხადებინა”, – განაცხადა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავამ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რატომ მიდის ასეთი შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდ საფრთხეში მყოფი პიროვნება მსოფლიოში დღეს ბიძინა ივანიშვილია. ტრამპზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ აბსოლუტურად ნათელია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ როგორმე მოიცილონ მოწინააღმდეგე, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყანას. ყველაფერი, რაც გვესმის იმის შესახებ, რომ რაღაც ინტერესები აქვს – არანაირი ინტერესი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში არ გააჩნია, ამ ქვეყანაში არც ფინანსური ინტერესი გააჩნია. როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმ წარმოუდგენელი წნეხისა, ომისა, რომელიც აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა ( მეტსაც გეტყვით, შევიცარია შესწირეს მას. რაც შვეიცარიაში მოხდა ბანკთან დაკავშირებით, რომელიც შვეიცარიის კეთილდღეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო , ისიც კი არ დაინანეს), ახლახან გამოქვეყნდა ანგარიშები და ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებამ კი არ დაიკლო, არამედ გაიზარდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფინანსური სფერო ძალიან კარგად იცის. რაც მთავარია, ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანს ეს ინტერესები საქართველოში არასდროს ჰქონია. მეტსაც გეტყვით, არაფერი უჭირდა, არაფერში სჭირდებოდა არც საქართველოში ჩამოსვლა, არც ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა, საფრთხის წინაშე თავისი ოჯახის დაყენება, შესაძლებლობა ჰქონდა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უდარდელად ეცხოვრა, მიუხედავად ამისა, აქ ჩამოვიდა, 20 წელიწადია ამ ქვეყნიდან არ გასულა. თუ ვინმეა დღეს დარაჯი ქართული სახელმწიფოსი , ჩვენი ქვეყნის, მისი აწმყოსი და მომავლის, ეს ბიძინა ივანიშვილია. იმიტომაა ასეთი გაშმაგებული შეტევა მის წინააღმდეგ. ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ბრძოლაში დღემდე ბიძინა ივანიშვილი იმარჯვებს. იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარესაა. ჩვენც ვიმარჯვებთ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა”- განაცხადა ხაინდრავამ.